საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საჯარო სკოლების დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების განხილვას და ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული სისტემური გამოწვევების იდენტიფიცირებას.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების მხარდაჭერა, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული პერსონალის კვალიფიკაცია, მასწავლებელთა ჩართულობა მოსწავლეთა მხარდაჭერის პროცესში, ადაპტირებული საგანმანათლებლო რესურსები და სხვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მიეღოთ ამომწურავი პასუხები და ამასთანავე, თავიანთი პოზიციები დაეფიქსირებინათ.
პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება, რაც რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და სისტემური ხარვეზების დროულ აღმოფხვრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი არზიანი, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ეკა დგებუაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.